რეზონანსი
01.10.2020

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილმა ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საგზაო სამუშაოების ტემპი და მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა და  

2020-24 წლებშიც აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 

"დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი და ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა და თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში შევძლებთ უსაფრთხოდ ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეძლებს გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი. 

2024 წლამდე დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზის და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც დიდ ბიძგს მივცემთ რეგიონების განვითარებას, შევქნით ახალ ტურისტულ მარშრუტებს და ახალ კავშირებს. 

ახალი გზების მშენებლობის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1500 კილომეტრ გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს. 

შედეგად, 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული. 

აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების სამუშაოები - 2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 77 პროცენტი ისარგებლებს, როცა 2012 წელს მხოლოდ 25 პროცენტი სარგებლობდა. 

2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება და შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს. 

დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე. 

რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას, როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა და სხვა. 

მომავალი 4 წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ათასობით პროექტი", - განაცხადა პრეზენტაციაზე მინისტრმა. 

მანვე ამ დრომდე განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა და წინა ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოებთან შედარება მოახდინა:

"2012 წლის ბოლოსთვის, საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-20 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა. მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული.  კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი - განხორციელდა 3 300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია, აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი.

10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგად გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოქალაქეთა რიცხვი. ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის მოსახლეობას პირველად აქვთ უწყვეტი წყალმომარაგება. 

მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, მხოლოდ სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1200 ქართული კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. 

ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი - თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა. 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი, ხოლო ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი - ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მოქ.   (02.10.2020)
არც ერთი სიტყვა ე.წ.საუკუნის პროექტზე- ანაკლიის პორტზე,რომელიც თვითონ დიდი ზარ-ზეიმით მონათლეს ასე, კონსტიტუციაშიც კი ჩაწერეს და თვითონვე დამარხეს და ეხლა გვპირდებიან, იმას, რაც ხუთი წლის წინათაც უნდა გაეკეთებინათ...ბრავო ოცნების ამომრჩეველო, ბრავისიმო!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×