რეზონანსი
20.10.2020

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 112-ის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამიზნობრივი და განმეორებითი ზარების გამო, მუშაობის პროცესი ფერხდება.

„ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა დანაყოფი, 112-ც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი. კოვიდის ფარგლებში, მან შეიძინა კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომატიკა, შეუძლია, მომართოს 112-ს, ხოლო კორონავირუსის მართვის პროცესში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსა და დაშვებებზე არსებულ კითხვებთან მიმართებით, პარალელურად, ძალიან ეფექტურად მუშაობს სამთავრობო ცხელი ხაზი 144. მინდა, დეტალურად განვმარტო მუშაობის სპეციფიკა: როდესაც მოქალაქე, სიმპტომებთან დაკავშირებით, 112-ს უკავშირდება, 112 მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი „გაიდლაინის" (სახელმძღვანელო პრონციპები) მიხედვით და ახდენს კლასიფიკაციას. შესაბამისი კითხვარის მიხედვით დგინდება, კონკრეტული ინიციატორი მწვავე თუ ნაკლებად მწვავე შემთხვევაა. თუ საქმე მწვავე შემთხვევასთან გვაქვს, 112-ის ოპერატორი, ავტომატურ რეჟიმში, ახდენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მობილიზებას. სხვა, ნაკლებად მწვავე შემთხვევებში, საქმე გადაეცემა ოჯახის ექიმს. თავისთავად, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმებიც ძალიან დატვირთულები არიან, მაგრამ, ვიდრე ოჯახის ექიმი დაუკავშირდება პაციენტს, პაციენტი კვლავ მომართავს 112-ს. ვგულისხმობ განმეორებით ზარებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიღებთ ზარს, ოჯახის ექიმები აუცილებლად უკავშირდებიან პაციენტებს. შეიძლება ეს იმწუთიერი არ იყოს, მაგრამ აუცილებლად დაუკავშირდებიან ყველა პაციენტს" - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×