რეზონანსი
22.10.2020

დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

როგორც ბაღათურიამ განაცხადა, ჯერ უცნობია, რა შეკითხვებს დაუსვამენ, თუმცა, მისი თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება რომ უკანონოდ მოხდა, მისთვის ცნობილი წლების წინ იყო და სწორედ ამიტომ 2012 წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდა პარლამენტში.

ბაღათურია პროკურატურაში ამ საქმეზე პირველად იკითხება. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.

„ის ვიცი, რომ კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ღია სახელმწიფო ღალატი და მათი მესიჯბოქსი იყო ერთი და იგივე. მე მახსოვს, როდესაც 2012 წელს პარლამენტის სხდომაზე გამოვედი და სახელმწიფო ღალატის გამო დავსვი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. მაშინ ყველა ერთსა და იმავეს პასუხობდა, რომ თითქოს მე ვცდებოდი, ამბობდნენ, რომ დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვარი ქედზე გადიოდა და არა ქედის ქვემოთ. ქედს ქვემოთ როდესაც გადიოდა საზღვარი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. ქედზე როცა ამოიწია, მონასტრის ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი თქმით, როდესაც 2012 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოულოდნელად გადმოლახეს საზღვარი და დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და საშოპინგოდ იტალიაში წავიდა.

„პრეზიდენტი და მისი გუნდი კი მიმტკიცებდა, რომ ეს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყო. ეს განაცხადა პრეზიდენტმა ჩემს ბრალდებებზე. ასევე იგივე პოზიცია ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პოზიცია, მაგალითად, ჩემს კოლეგა დარჩიაშვილსაც", - განაცხადა ბაღათურიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×