რეზონანსი
24.10.2020

ლაშა შენგელია, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი იყო, თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.

შენგელია ერთ-ერთი იყო იმ ოთხ მძევალს შორის, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკის შენობიდან გაიყვანა და სოფელ კირცხთან დატოვა.

როგორც ის აცხადებს, თავდამსხმელი თავდაპირველად აგრესიული იყო, თუმცა შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მისივე თქმით, ის მძევლებს ეუბნებოდა, რომ თუ სამართალდამცველები სპეცოპერაციას არ ჩაატარებდნენ, ის მათ არაფერს დაუშავებდა.

„თავდამსხმელი ბანკში შემოსვლისთანავე აგრესიული იყო, კადრებშიც ჩანს, როგორ იქცევა. მერე, მესამეზე რომ აგვიყვანა, რადიკალურად შეიცვალა. თან, ბატონი ავთო გალდავაც დაგვიკავშირდა, თავდამსხმელს აღუთქვა, რომ თანხას მოუტანდა და იქიდან გაყვანის გარანტიას მისცემდა. ხელში სულ ხელყუმბარა ეჭირა და ამბობდა, რომ თუ ამათ არ გაგწირეს, ან სპეცოპერაცია არ ჩაატარეს, მე არაფერს გიზამთო, მე თქვენგან არაფერი მინდაო, ციხეში არ წავალო. რამე საპირისპირო რომ მომხდარიყო, ხელყუმბარას ააფეთქებდა. არავისთვის რამე შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ყველასთან თანაბრად იქცეოდა.

გვითხრა, მედიას დავკავშირებოდით და გვეთქვა, რომ ხელყუმბარა ეჭირა, რომელსაც, რამე რომ მომხდარიყო, ხელს გაუშვებდა", - განაცხადა შენგელიამ "პირველ არხთან".

შენგელიას თქმით, თავდამსხმელმა მძევლებს საშუალება მისცა, თავად აერჩიათ, ვინ გაჰყვებოდა მას ბანკის შენობიდან გასვლის შემდეგ.

„გვკითხა, ვინ გამოგვყვებითო. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, იქ ქალებიც იყვნენ და ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ წავყვებოდით. ერთადერთი იმის გვეშინოდა, ძალოვნებს რამე არ გაეკეთებინათ, თორემ ხელყუმბარას აამოქმედებდა.

არანაირი კვალი არ დაუტოვებია, არც სიგარეტი მოუწევია. გასვლის დროს წყალი დაღვარა, ალბათ, ნაკვალევის დასაფარად.

მანქანაში არაფერს ამბობდა. ბოლოს, როცა მივედით სოფელ კირცხში, მდინარესთან მანქანიდან ჩავიდა, ყუმბარას დამცველი გაუკეთა, ავტომატი დაგვიმიზნა და გვითხრა, წადით, არ მოიხედოთო", - დასძინა ლაშა შენგელიამ ტელევიზიასთან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×