რეზონანსი
01.12.2020

კითხვები იყო ძალიან ბევრი, ზოგი იყო ტექნიკური ხასიათის, ძირითადად ეხებოდა ჩემს საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძირითადი კითხვები იყო, რა პროცედურით საქმიანობდა უშიშროების საბჭო სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, მათ შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიმართულებით.

„კითხვები იყო, ჩემი მინისტრობის დროს, რა შეხება მქონდა კომისიის საქმიანობასთან. ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი იქ, სადაც ჩემი კომპეტენცია არ სცილდებოდა საკითხს, ძალიან კორექტული იყო ყველაფერი.

თქვენ მოგეხსენებათ, კომისია არის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, ის უშუალოდ არ ექვემდებარებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან.

დავაფიქსირე ღიადაც და გამომძიებელთანაც ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებაში – მე არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან პატრიოტიზმში.

ჩემი აზრით, ამ საქმის გამოძიება შეიძლებოდა ამ ადამიანების წინასწარი დაკავების იზოლატორის გარეშე“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.

მისივე თქმით, რუკებთან დაკავშირებულ დეტალებში არ შესულა, კითხვებიც არ ყოფილა, რადგან ეს მის კომპეტენციას სცილდება.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული გამოცემისთვის 2007 წელს მიცემულ ინტერვიუზე: „პასუხი, კითხვა იყო, პასუხი იყო შესაბამისი. იმ დროისთვის კომისიის მუშაობის სახელმძღვანელო დოკუმენტები რაც იყო, მე მგონი სახელმძღვანელო დოკუმენტები არც შეცვლილა დღემდე, იმ დოკუმენტების მიხედვით ზოგი, ერთი ნაწილი დავით გარეჯის მონასტრის იყო მოხვედრილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ეს იყო ის ფაქტი, რაც კომისიამ დაადგინა, რაც კომისიისთვის ცნობილი იყო და ჩვენთვისაც, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებისთვის ცნობილი იყო. ყველაფერს ვაკეთებდით ინტენსიურად, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება შემდგარიყო, რომ ეს კომპლექსი ყოფილიყო მოქცეული საქართველოს საზღვრებში. ეს იყო ჩვენი ძირითადი პოლიტიკური ამოცანა, ნუ, იმ პერიოდში ვერ მოვახერხეთ შეთანხმება. როგორც ჩანს, დღემდე შეუთანხმებელია“, – აცხადებს ბეჟუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (02.12.2020)
ეს ძმები ბეჟუაშვილები იმაზეც უნდა დაჰკითხონ როგორ ჩაიგდეს ქართველი ხალხის ქონება კაპიკებად სააკას წყალობით.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×