
ერთი თვის წინ "ფეისბუქზე" სოფო ნიჟარაძის ყალბი გვერდით ლატარია შედგა. გვერდზე გამოქვეყნდა უხმო ვიდეო, სადაც სოფო ნიჟარაძე და მომღერალი გიგი ადამაშვილი ჩანდნენ. მომღერლის ყალბი გვერდი ითხოვდა, რომ გულშემატკივრებს ვიდეოს კომენტარებში დაეწერათ ნებისმიერი რიცხვი, შემდგომ დარეგისტრირებულიყვნენ კონკრეტულ საიტზე, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევდნენ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებდა 5 ათას დოლარს. ფეიკ-გვერდი "ლატარიის" დასრულებისთანავე გაუქმდა.
თაღლითური სქემის შემდეგი მსხვერპლი ლელა წურწუმია აღმოჩნდა. მისი სახელით გაკეთებული ყალბი გვერდი მხოლოდ ფულს არა, მანქანას და ძვირადღირებულ ნივთებსაც ათამაშებდა. მათ მიერ შეთავაზებულ საიტზე დარეგისტრირებულ ხალხს კი, საბანკო ანგარიშებიდან თანხა ჩამოეჭრათ.
პროდიუსერი კახა მამულაშვილი ამბობს, რომ საქმემ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ საქმით პოლიცია დაინტერესდა:
"ციფრობანა ჰქვია გადაცემას, რაღაც ციფრებს წერს ხალხი კომენტარებში და შემდეგ საიტზე სთავაზობენ რეგისტრაციას, რის შემდეგაც ფულს აჭრიან. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, ვნახე ეს ვითომ გათამაშების ლაივი, ლელას სახელით შექმნილ ყალბ გვერდზე, თანაც ვიდეო, რომელსაც უშვებდნენ ჩვენი ერთი წლის წინანდელი ლაივი იყო, სრულიად სხვა თემაზე.
ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. მეგობარმა დამირეკა, ბიჭო, ჩემმა ნაცნობმა თქვენი გათამაშება მოიგო და ფული თქვენ უნდა მისცეთო? ყალბ საიტებს რომ ვასაჩივრებდით, ცვლიდნენ და ახალ-ახალ საიტებს ქმნიდნენ. ეს უკვე ორგანიზებულ ჯგუფთან გვაქვს საქმე და ერთი კაცი ამას ვერ მოახერხებდა.
ისეთ სახეებს ირჩევენ ვინც ძალიან დიდ ნდობას იმსახურებს ხალხში. თავიდან ლელამ ყურადღება არ მიაქცია და დაწერა არ ენდოთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო დაწერა არ შველის", - განუცხადა "ამბებს" მამულიჩამ.
იხილეთ: ამბები.ჯი