
ჩვენ ჩავატარეთ დეტალური ანალიზი ინფრასტრუქტურის რომელიც გაგვაჩნია და საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს „კოვაქს" პლატფორმას და ესაჭიროება „ფაიზერის" ვაქცინას. ამ ყველაფერის მეთვალყურეობას უწევს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და დღეს საქართველო სრულიად მზად არის, როგორ ინფრასტრუქტურულ ასევე პერსონალის ნაწილში, რომ მივიღოთ „ფაიზერის" ვაქცინა და დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკსი" ეთერში ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანამ ვაქცინა მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს, თუმცა მისივე თქმით, ხარისხი და უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხია.
„ჩვენ ვეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინის აღიარებას და მივყვებით პროტოკოლს რომელსაც ისინი გვთავაზობენ. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანაში არალიცენზირებული ვაქცინების მოხმარებას, რასაც საქართველო არ მიესალმება. საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება აღიარებული. დღეს ნამდვილად მზად ვართ ყველა ვაქცინის მიღებისთვის, თავიანთი ტემპერატურული რეჟიმით, რომელსაც „კოვაქს" პლატფორმა შემოგვთავაზებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.