
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და მათ მიერაა ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.
როგორც ყაზარაშვილმა აღნიშნა, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.
„გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ კავშირშია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან. ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და არის მათ მიერ ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. გურამ ამირხანაშვილის თმით, როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად თუ იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი გადაგდებული წყალში. აქედან გამომდინარე, გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.