რეზონანსი
23.10.2021

დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის ზრდა და ასევე, პირბადის ტარების რეგულაციის დაცვა.

„ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, საგანგაშოა. ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ჯერჯერობით საბედნიეროდ ვინარჩუნებთ კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი ციფრები, გამოხატული აბსოლუტურ რიცხვებში მაინც ძალიან დიდია საქართველოსთვის; 30-40 გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია ქვეყნისთვის, მაგრამ ასეთი რაოდენობის ავადმყოფების ფონზე, ეს გარდაუვალია ყველაზე უკეთესი კლინიკური მართვის პირობებშიც კი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პანდემია.

დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 000 აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. ასევე, უარს ამბობს პირბადის ტარებაზე. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები. ვიყოთ რეალისტები და შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია – ეს არის ვაქცინაცია და პირბადის ტარება“, – აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა.

ცერცვაძის თქმით, რთული ეპიდსიტუაციის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები არ უნდა დააწესოს, თუმცა უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების კონტროლი.

„შეზღუდვების შემოღება ყველაზე მარტივი გზაა, ზოგი ქვეყანა უკვე წავიდა ამაზე. ეს ძალიან მტკივნეული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამიტომ მგონია, რომ მთავრობა არ წავა შეზღუდვებზე. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, რადგან ძლივს გაიხსნა ეკონომიკა და მოსახლეობამ ძლივს ამოისუნთქა, უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე და აღსრულების კონტროლზე.

ჩვენ გვჭირდება დღეში 40-50 000 აცრილი, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 70%-ზე და იცრება მიზერი, ათჯერ ნაკლები, ვიდრე უნდა იცრებოდეს. სულ რაღაც ერთი თვის წინ 30 000 იცრებოდა, მატების ნაცვლად, ქვევით წამოვდია. ჩვენ ვიმყოფებით აბსურდის თეატრში. ხანდახან მგონია, რომ ეს არის სიზმარი და თვალს გავახელ და სიტუაცია შეცვლილი დამხვდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×