რეზონანსი
03.12.2021

„ჩემი თხოვნა იქნება 2022 წელს დავიწყოთ მუშაობა სპორტის ეროვნულ სტრატეგიაზე. სპორტის ეროვნული სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს იმისათვის, რომ სპორტის დარგში ყველა მიმართულება სრულყოფილად განვითარდეს. სპორტი ვერ იქნება განვითარებული, თუ ჩვენ არ გვეცოდინება, მაგალითად, პროფესიული სპორტის მიმართულებით რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ფედერაციებს", - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ ქვეყანას სურს 2024 წელს განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე, სპორტის მიმართულებით განვითარებული ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს.

„განვითარებულ ქვეყნებში სპორტი, როგორც დარგი შედგება სამი კომპონენტისგან. ეს არის სპორტული, ეკონომიკური და სოციალური. სამწუხაროდ, მხოლოდ სპორტული მიმართულებით არის ჩვენთან განვითარებული სპორტი. დამეთანხმებით, რომ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით. დადგა დროს, ეკონომიკაში წარმოჩენილი იყოს სპორტის წილი. თუ ამ გამოწვევებს ვუპასუხებთ და ევროკავშირის წევრობას მივუახლოვდებით, სწორედ ამ მიმართულებით გვექნება გამოსასწორებელი სიტუაცია", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნისთვის, სპორტის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია არა მარტო სპორტის განვითარება, არამედ სპორტით ქვეყნის განვითარება. სპორტი არის წარმოდგენილი განათლების სისტემაში, უსაფრთხოებასთან მიმართებაში, აზარტულ თამაშებსა და ნარკოდამოკიდებულებასთან მიმართებაში. ეს ისეთი სფეროებია თუ ჩვენ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება არ განვავითარეთ შეუძლებელი იქნება ამათთან გამკლავება", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×