რეზონანსი
08.12.2021

ის, რომ ეს ადამიანები არ არიან ახალი სახეები და ეს ადამიანები ოთხი წლის განმავლობაში საქმიანობდნენ თბილისის მთავრობაში, ეს არის პირიქით დადებითი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ოპოზიციის უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ დედაქალაქის მთავრობა ისევ ძველი სახეებით არის წარმოდგენილი.

მისივე თქმით, ოპონენტების განცხადებები, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, რბილად რომ ვთქვათ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

„შევეცდები აგიხსნათ: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ჩვენს ქალაქში, ბევრი რეფორმა განხორციელდა - ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობებსება; სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესება; ურბანული პოლიტიკა; ახალი სოციალური და ჯანდაცვის პროექტები; ათიათასობით დაზარალებული, დაუმთავრებელი შენობების პრობლემის გადაწყვეტა; კოოპერატიული ბინათმშენებლობა, ადამიანების ფართებით უზრუნველყოფა - ეს ყველაფერი ამ ადამიანების, ამ გუნდის წარმატებაა. ეს ოთხი წელი რომ წარმატებული იყო, ეს შეფასება გააკეთეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა 2 ოქტომბერს, როცა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

ამიტომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არაფერი გაკეთებულა, რბილად რომ ვთქვათ არის დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ამომრჩევლის, იმ ადამიანების, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს მეორე ვადით თბილისის მერს. შესაბამისად, ეს ყველაფერი რეალობაა, ეს ყველაფერი ფაქტებია. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ კრიტიკას ვერ მივიღებთ. ის, რომ ადამიანები არიან გამოცდილები და უმაგრებთ ზურგს ოთხწლიანი წარმატებული საქმიანობა, ეს ჩვენთვის იყო დამატებითი მოტივაცია და ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივი გადასაწყვეტი იყო, რომ ამ ადამიანებისთვის გამოგვეცხადებინა ნდობა. გამოვუცხადეთ მათ ნდობა, დავსვით ძალიან ბევრი კითხვა, მივიღეთ პასუხები და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა მომავალში იმ დაპირებების და იმ ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესაბამისად, რომელიც კახი კალაძემ და მთლიანად ჩვენმა გუნდა წარმოადგინა და რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა მხარი დაუჭირა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×