რეზონანსი
21.01.2022

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება ასე არ იცვლება - შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის" მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ "გადამაგდონ"?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი" არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრობასთან" ერთად კოალიციაში ყოფნას.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს არსებული, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას მომავალი არ აქვს

„კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება ასე არ იცვლება. მას აქვს თავისი ტელევიზია, თავისი გზავნილები შეუძლია ჰქონდეს, აკონტროლებს ამ მესიჯებს. ჩვენ რომ განსხვავებული გზავნილი გვინდა, მერე ეს ჩვენ ვერ მიგვაქვს სხვა ტელევიზიებთან, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ სინქრონში აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან." როდესაც გვესხმოდნენ თავს და ჩვენს მხარეს უზარმაზარ ტალახს ისროდნენ, ჩვენ ამას ამით არასდროს ვპასუხობთ, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ფუნქცია თითქოს არის, რომ ილანძღოს, დააბრალოს ათასი რამ სხვას, რაც ასევე მომისმენია ჩემზე და ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება პასუხს მისცემს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გამოირჩევა აღვირახსნილი გამონათქვამებით, გაუნათლებლობით, არაპროფესიონალობით. ოპოზიციურ ფლანგზე, თუ ახლა მისმენენ ძალიან კარგად იციან, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც შუბლის ძარღვი არ აქვთ. ის, ვინც შუბლძარღვგაწვეტილია და ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებს, არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ პარტნიორობას.

„ნაციონალურ მოძრაობას" 2018 წელს, როდესც ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოვაყალიბეთ მათთან ერთად, რომ დაეცვა წესები და პირობები სამართლიანად და შეთანხმების შესაბამისი ქმედებები ჩაედინა ყველა მის პარტნიორთან მიმართებაში, დღეს ოპოზიცია იქნებოდა გამარჯვებული და იქნებოდა ხელისუფლებაში. მე არ ვენდობი „ნაციონალურ მოძრობას." რადგან მათი მხრიდან შეთანხმება დარღვეულია არაერთხელ და არ ვაპირებ კოალიციაში მათთან ყოფნას. შეთანხმების კუთხით, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე "გადაგდებული" ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ "გადამაგდონ"?! სამწუხაროდ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ დიდ, ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×