რეზონანსი
24.05.2022

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში" უტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში.

„მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თანაც, სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ მტკიცებით ფორმაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს კლინიკა „ვივამედში", საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით იხილა, რომ ის დამოუკიდებლად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე დამოუკიდებლად შევიდა კლინიკის ტერიტორიაზე. ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამიყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ოჯახის წევრები გამოხატავენ აშკარა კმაყოფილებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, ყველამ დააცადოს მედიკოსებს მუშაობა, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები და თუკი იქნება ამის საჭიროება, ჩაუტარონ შესაბამისი მკურნალობა მსაჯვრდებულ სააკაშვილს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია როგორც შუამდგომლობა პარლმენტის წევრების მხრიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას.

„საზღვარგარეთ გადაყვანას იუსტიციის სამინისტრო ვერ განიხილავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არის როგორც შუამდგომლობა პარლმენტის წევრების მხრიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, ეს იქნება განხილული მხოლოდ მას შემდეგ, რაც, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ექიმების შესაბამისი დასკვნა და როდესაც იგი იქნება გამოწერილი კლინიკიდან", - განუცხადა რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველ არხს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×