რეზონანსი
16.07.2022

ეს რევიზია, დაკითხვა და შემდეგ სანქცირება კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ წარმოუდგენელია და პირადად ჩემთვის რთულად დასაჯერებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც ზარქუა აცხადებს, მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „საგანგაშო და კატეგორიულად მიუღებელია". ამასთან, უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ საელჩომ და ელჩმა კელი დეგნანმა მომხდარზე მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ.

„მგონია, რომ ჩვენ რაც მოვისმინეთ მოსამართლე ჩხიკვაძისგან, ეს არის მნიშვნელოვანი, საგანგაშო და კატეგორიულად მიუღებელი. ამ ადამიანმა თქვა, რომ გადაწყვეტილების გამო გარკვეული დაკითხვა მოუწყვეს და ამ დაკითხვის შედეგად დაასანქცირეს და ამერიკაში არ გაუშვეს. არის კონკრეტული განცხადება და ის კონკრეტული ფაქტით არის გამყარებული. მგონია, რომ საელჩომ და ქალბატონმა ელჩმა ამაზე მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ. საგანგაშო, საკმაოდ მძიმე ბრალდება იყო მოსამართლის მხრიდან. სხვათა შორის, დანარჩენმა მოსამართლეებმაც გამოაცხადეს, რომ ლაშა ჩხიკვაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის უხეში ჩარევა და მიუღებელია. ეს სწორიც არის. ჩვენ დასავლეთთან იმიტომ ვართ, რომ ისინი თავისუფალი ინსტიტუციების მშენებლობაში დაგვეხმარონ. სასამართლო ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს პრობლემები, რადგან იმ ტირანიის მემკვიდრე ვართ. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს სასამართლო გახდა უფრო დამოუკიდებელი, თავისუფალი და ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - სტრასბურგში, დაახლოებით, 14-15-ჯერ შემცირდა აქედან გაგზავნილი საქმეები. ჩემი აზრით, საელჩომ უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადებები იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული ბრალდება. მე პირადად, როგორც რიგით მოქალაქეს მჯერა, რომ დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები არიან გარანტორები ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დამოუკიდებლობის და მათი ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგნენ. ეს რევიზია, დაკითხვა და შემდეგ სანქცირება კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ ეს წარმოუდგენელია და პირადად ჩემთვის რთულად დასაჯერებელია", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×