რეზონანსი
17.07.2022

ე.წ. მოდულის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან შესახვედრად მისი უფლებადამცველი მივიდა.

რამაზ ჩინჩალაძემ უწყებაში შესვლამდე იმ დაზიანებებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, დაკავების პროცესში გოგაშვილს განზრახ მიაყენეს.

კერძოდ, უფლებადამცველის ცნობით, სოსო გოგაშვილს დაზიანებები აღენიშნება სახის არეში, ხელებსა და ფეხებზე.

"დაზიანებები რა თქმა უნდა რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, ხელებზე, კიდურებზე დაზიანებები აქვს იდაყვის არეში და ასევე ფეხებზეც აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა ორჯერ დაზიანების მიყენება. ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, როდესაც ფეხის დარტყმის შედეგად მოხდა დაზიანების მიყენება, როდესაც როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, მასზე ცდილობდნენ უკან შებოჭილ ხელებზე რომ მოეხდინათ დაფიქსირება სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლის ამოღებაც შემდეგ განხორციელდა მისი ბინის ჩხრეკის შედეგად", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სამედიცინო ექსპერტიზა გოგაშვილს შესაძლოა, დღეს ჩაუტარდეს.

"გუშინ ვერ მოხერხდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით მასთან. ამიტომ, ვფიქრობ შეიძლება გვიან ღამით მოხდა მისი გადაყვანა ან დღეს არ არის გამორიცხული, სამედიცინო შემოწმებაზე მოხდეს მისი გადაყვანა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში", - თქვა რამაზ ჩინჩალაძემ.

სოსო გოგაშვილისთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენა დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×