რეზონანსი
17.07.2022

ჩვენი გზავნილი თბილისში ყოფნისას ძალიან მკაფიო იქნება - საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მან სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა, რომლის დროსაც ევროპარლამენტის დელეგაცია მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბაქოში ვიზიტის შემდეგ ეწვევა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, გადადონ გვერდით პარტიული ინტერესები და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთად იმუშაონ.

„ევროპარლამენტის დელეგაცია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების შემადგენლობით ეწვევა სამხრეთ კავკასიას. დელეგაციის ხელმძღვანელი მე ვარ. თბილისში ბაქოდან ჩავალთ. ეს ვიზიტი არის ძალიან დროული. ბრიუსელიდან პირველი დელეგაცია ვართ, რომელიც თბილისში ჩამოდის მას შემდეგ რაც, ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

ვიზიტი ახლა არ დაგეგმილა, მაგრამ მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. ეს არის ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება საქართველოს მიმართაც, მაგრამ სტატუსის მისაღებად ქვეყანამ პირობები უნდა დააკმაყოფილოს. პირობებიც და დროც განსაზღვრულია. ევროკომისიის პირობები უნდა შესრულდეს. ჩვენი გზავნილი თბილისში ყოფნისას ძალიან მკაფიო იქნება - საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. ჩვენ გვჭირდება მთავრობისა და ოპოზიციის თანამშრომლობა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გადადონ გვერდით პარტიული ინტერესები და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იმუშაონ.

ევროპარლამენტი მუშაობს ახალ ანგარიშზე. დოკუმენტს ამზადებს მომხსენებელი საქართველოზე ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი. მანდ უკვე წარმოადგინა კომიტეტზე ანგარიშის პროექტი და კოლეგები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ანგარიში იქნება ევროპარლამენტის წვლილი ევროკომისიის რეკომენდაციებისთვის, თუ როგორც ვაფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტიც ხელს შეგვიწყობს ანგარიშის მომზადებაში.

მოხარულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით თქვენს დიდებულ ქვეყანაში ჩამოსვლას. ძალიან ყურადღებით მოვუსმენთ ხელისუფლებასა და ასევე ყურადღებით მოვუსმენთ ქართულ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი გზავნილია, რომ ქვეყანამ გაატაროს რეფორმები ევროკომისიის რეკომენდაციებია დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად და დასახმარებლად, მაგრამ საჭირო რეფორმები საქართველომ უნდა გაატაროს.

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ასეთი სახელმწიფოებისთვის ხშირ შემთხვევაში ღრმა პოლარიზაციაა დამახასიათებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიაში პოლიტიკური ოპონენტში შენი მტერი არ არის. დემოკრატიაში განსხვავებულ მოსაზრებებს პატივისცემა სჭირდება. დემოკრატიაში ნორმალურია ხელისუფლების ცვლილებაც. დემოკრატიის დროს დღევანდელი ოპოზიცია ხვალინდელი ხელისუფლებაა, მაგრამ კითხვაა, ხვალინდელი დღე როდის იქნება. დემოკრატიულ სისტემაში ვინ არის ხელისუფლებაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით ინტერესებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკური მოსაზრებებისთვის, მაგრამ ოპონენტს საკმარისი პატივისცემით ვეპყრობით“, - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×