რეზონანსი
23.07.2022

პრეზიდენტთან ბევრ ისეთ დეტალზე გვისაუბრია, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ესაუბრება ხელისუფლება პრეზიდენტს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ანუ, გავამხილეთ უამრავი დეტალი, რის საფუძველზეც მას უნდა განეხორციელებინა ანალიზი, რაღაცების შეფასება-გადაფასება, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. ამის მიზეზი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი. გასული თვეების განმავლობაში მე პირადად რამდენჯერმე მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა, ანალოგიურად, პარლამენტის თავმჯდომარეს და გუნდის სხვა წარმომადგენლებიც ხვდებოდნენ. ვიმეორებ, მას ვუხსნიდით ისეთ დეტალებს, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა ამის დეფიციტი და ასევე არ ჰქონდა ინფორმაციის ნაკლებობა, თუმცა ვერ მოახერხა იმ რაღაცების გაანალიზება, რასაც სწორი ანალიზი სჭირდებოდა. ამის გამო, სამწუხაროდ, აქვს ისეთი პოზიცია, რომელიც ობიექტურ მოცემულობას არ შეესაბამება. შეიძლება, ამას ჰქონდეს სხვა მიზეზებიც. არ ვიცი, შესაძლოა, რაღაც ხიბლშია ჩავარდნილი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, რის საფუძველზე აცხადებს პრეზიდენტი, რომ მმართველ გუნდს ევროპარლამენტთან აქტიური სამუშაო არ ჩაუტარებია და ევროპაში ვიზიტები რეკომენდაციების შემდეგაც არ აქვს, კობახიძემ აღნიშნა, რომ სინამდვილეში, მარტო იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა საქართველო განაცხადს და შემდეგ უკვე კითხვებზე პასუხებს ამზადებდა, ბრიუსელში პირადად იყო ჩასული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ეს მოწვევის პარლამენტი მოქმედებს, საგარეო გუნდის წარმომადგენლებს, პარლამენტარებს სესია არ გაუცდენიათ. კობახიძის თქმით, ეს საჯარო ინფორმაციაა და ეს ყველაფერი პრეზიდენტმაც კარგად იცის.

შეკითხვაზე, რა არის პრეზიდენტის მწვავე განცხადების მიზეზი, სადაც ის მმართველი გუნდის მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკაზე და რუსეთის მიმართ შერბილებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს უნდა, ხელისუფლება კინკლაობაში შეიყვანოს, მაგრამ მმართველი გუნდი მას ამაში ნამდვილად არ შეჰყვება.

„აქაც იგივეა. მას უნდა, ჩვენ კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა, წინ წამოწიოს; შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის; შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს; შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ რუსეთის საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო.

„ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით. აქ მიღებული იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×