რეზონანსი
25.07.2022

ამოღებულია 300 კილო ცხენის ხორცი, რომელიც აჭარაში მდებარე კვების ობიექტებისთვის იყო განკუთვნილი. უკანონო ტვირთს პოლიციამ იმ დროს მიაგნო, როდესაც სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გააჩერა. შემოწმების შედეგად წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე მანქანაში დიდი ოდენობით ხორცი აღმოჩნდა, მძღოლმა კი განმარტა, რომ ის ცხენის იყო.

სპეციალური სამსახური ახლა იმის დადგენას ცდილობს, თუ ვის ეკუთვნის ცხენის ხორცი და კონკრეტულად, რომელი ობიექტებისთვის იყო ის განკუთვნილი. ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მსგავსი სახის კანონდარღვევები, კერძო ყასბების მხრიდან, სულ უფრო ხშირი ხდება. 2 ტონა ცხენის ხორცი, რომელიც აჭარაში მიჰქონდათ, შარშანაც ამოიღეს.

არადეკლარირებული და კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. ამოღებული ხორცი უკვე განადგურებულია, მიკროავტობუსის პატრონი კი 1000 ლარით დაჯარიმდა.

ტურისტულ სეზონზე მსგავსი კანონდარღვევები ხშირდება. ცხენის გარდა, შავ ბაზარზე ვირის ხორცის გაყიდვის შემთხვევებიც აღმოაჩინეს, თუმცა აჭარაში ამბობენ, რომ აკრძალული ხორცპროდუქტი არ იყიდება.

არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, არ არის გამორიცხული, პირდაპირ კვების ობიექტებთან თანამშრომლობდნენ. აკრძალული, ან მაღალი ტემპერატურის გამო გაფუჭებული ხორცის რეალიზაციის თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ რეიდებს ატარებს.

ცხენის ხორცი სხვა ქვეყნებში საკმაოდ ძვირადღირებულ დელიკატესად ითვლება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ის საკვებად, კანონმდებლობით, არ დაიშვება. ამას გარდა საეჭვოა პირობები, რომელშიც ის იკვლება და არსებობს ვარაუდი, რომ ხშირ შემთხვევაში, მას სიბერის, ან ავადმყოფობის გამო კლავენ.

საქართველოს კანონმდებლობით, ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია დასჯადია. კანონის დამრღვევს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×