თეთრი არაგვის ხეობაში დაღუპული მფრინავების ოჯახის წევრებს, გმირი მაშველების თავგანწირვის ისტორიებზე წარსულში საუბარი ძალიან უჭირთ. ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფესიას მრავალი წელი ემსახურებოდნენ, მომავალ თაობებს და საკუთარ შვილებს გმირობის მუნდირს და პროფესიის სიყვარულთან ერთად, ერთგულების მაგალითს უტოვებენ.
მათი სიცოცხლე 29 ივლისს, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დასრულდა. ყველაზე ახალგაზრდა 25 წლის ანდრო ქუჯოშვილი იყო. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან ორი ექიმი, ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკიც იყვნენ. დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გარდაცვლილი გმირების ოჯახებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.
მომხდარი ტრაგედიის ზუსტი მიზეზების დადგენამდე, შსს გაცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, თუ რატომ გამოყენეს სამაშველო ოპერაციაში "მი-8" ტიპის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და არა სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული "სუპერ პუმა", რომელიც 2011 წელს შეიძინეს სამაშველო ოპერაციებისთვის.
გუდაურში დაღუპულ მფრინავებსა და ექიმებს ხვალ დაკრძალავენ. თეთრი არაგვის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს. მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო დაღუპული ადამიანების ოჯახებს 100 000 ლარს გადასცემს.
ერთადერთი შეუსრულებელი და საბედისწერო ოპერაცია, მფრინავებისა და ექიმებისთვის ადამიანის გადარჩენა გახდა. სწორედ პარაპლანისტის დასახმარებლად მიემართებოდა სამაშველო ჯგუფი, რა დროსაც ვერტმფრენს კუდი მოტყდა, მართვა დაკარგა და ხეობაში ჩავარდა. ეკიპაჟის 4 წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი ადგილზე დაიღუპნენ.
"რუსთავი 2"