შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების - ლევან ჩოხელის, ზაზა ლორიას, დიმა ქააძის, ანდრო ქუჯოშვილის, მაშველების - კახა ტორჩინავას და გიორგი მარგიანის, ექიმების - ქეთი გულაგაშვილის და გიორგი ვენეცკის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წირვა აღავლინა და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდი გადაიხადა.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.