ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივა-მედში" მისვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან აღარ კონტაქტობს.
„ამ პარტიის ლიდერებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში არ კონტაქტობს. მხოლოდ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან და საიდან უნდა ჰქონოდეთ ინფორმაცია მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მარტივი ფორმულაა, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში. უნდა, რომ გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე. მან ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როცა გარისკა იცოდა, რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა, მაგრამ სიცოცხლე ისეთი რამეა, აქ რისკები გამორიცხულია. უნდა ნახოთ სააკაშვილი როგორ არის, ნახავთ აჩრდილს იმისას რაც იყო. დაკარგული აქვს ის ენერგია რაც ჰქონდა, სახელი და გვარი ის არის, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია. თუ შეძლებს დაესწრება სასამართლო პროცესს", - განაცხადა გელბახიანმა.