პროფესორი ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილის იურისტის, ვიქტორ ყიფიანის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის უფლებადამცველების პოზიცია მყარი და სამართლებრივად მართებულია.
საქმე „კრედიტ სუისის" საბანკო ჯგუფთან დავას ეხება, რომლის ფარგლებში იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი" გეგმავს, რომ შვეიცარიელ კანონმდებლებს, ქვეყნის საბანკო სისტემის მხრიდან განხორციელებულ კანონდარღვევებზე ესაუბროს. ლადო პაპავას თქმით, ივანიშვილის იურისტებმა, სიმართლის დასადგენად ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენონ.
„ის, რაც ახლა ხდება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, საერთოდ აუხსნელია და არ შედის არანაირ სტანდარტში, ზოგადად საბანკო საქმიანობის და მით უფრო იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რაც არაერთი ათეული წელია დამკვიდრდა შვეიცარიაში. მივესალმები იმას, რომ გასაჯაროვდეს მიმოწერა - არა მარტო ქართულ სივრცეში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ყველამ ყველაფერი უნდა გაიგოს - თუ არის სასამართლო გადაწყვეტილება, მაშინ რატომ უშლიან ხელს აღსრულებას, მით უფრო, რომ რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელიც აღსრულებას ხელს შეუშლიდა, უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს", - აცხადებს პაპავა.