ირაკლი კობახიძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოში, კერძო დაწესებულებაში სტუმრებს მხოლოდ რუსულად ემსახურებიან და პერსონალი მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრობს.
კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მიტინგზე დავით არახამიას გამოსვლა და მისი რუსულად საუბარი და ჟურნალისტს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეთ, როდესაც სხვის რუსულზე ლაპარაკობს ვინმე.
"რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია კანონის ფარგლებში ამაზე იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაც მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ. თქვენი პარტიის მიტინგი იყო, ნაცმოძრაობის, როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ, არავის რეაქცია არ ჰქონია, მეც არ მქონია რეაქცია, იმაზე არ გქონიათ რეაქცია, და ახლა თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად რომ ესაუბრება რუს ტურისტს ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი", - თქვა კობახიძემ.