რეზონანსი
23.08.2022

სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოდან აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მილიარდ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ადგილობრივ ოპერატორებს, ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის თქმით, მარტიდან დღემდე კლება 14%-ია.

„ჩვენი ვარაუდით და გათვლებით, 2 მლრდ ლარის ბრუნვა იქნება უცხოურ საიტებზე, ეს რაოდენობა საკმაოდ მაღალია. აქ ჩართული არიან ის 25 წლამდე ახალგაზრდები და მოსახლეობა, რომელსაც შეეზღუდათ წვდომა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, სპორტის მიმართულებით გადასახადების კუთხით, მნიშვნელოვანი კლებაა. შესაბამისად იმაზე აპელირება, რომ მეტი გადასახადი შემოვიდა კონკრეტული ერთი გადასახადიდან, არასწორია.

კომპლექსურად თუ განვიხილავთ ყველაფერს, საკმაოდ დიდი ზარალია არა მარტო აზარტული თამაშების ბიზნესისთვის, არამედ თანმხლები ბიზნესებისთვისაც, იგივე სარეკლამო ბაზრისთვის, რომელმაც 400 მლნ ლარი დაკარგა წელიწადში. კომპლექსურად უნდა მოხდეს რაიმე მაჩვენებლის განხილვა და არა კონკრეტულად ერთი გადასახადიდან, შეიძლება რომელიღაც ერთი გადასახადი გაიზარდა, მაგრამ ჯამში სახელმწიფომ იზარალა. სპორტის მიმართულებით 15-16%-ით დაიკლო გადასახადებმა.

რაც შეეხება სექტორს, აგვისტოს მონაცემები ჯერ არ გვაქვს, ახლა მუშავდება, ივლისის ჩათვლით კლება 13-14%-ია გამომდინარე იქიდან, რომ ლეგალურ ოპერატორებს ბევრი გამოეთიშა, ისინი გადავიდნენ უცხოურ საიტებზე. ადგილობრივი ოპერატორები შემოსავლების სამსახურთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ შეეზღუდათ მათი ოპერირება, თუმცა ტექნოლოგიურად ეს შეუძლებელია, რეკლამა გაიზარდა სოციალურ ქსელებში, დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოს ბაზარზე, უკუგება რომ არ ჰქონდეთ, ასე არ იქნებოდა“, - განმარტა მამულაიშვილმა.

ცნობისთვის, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდა, მას შემდეგ დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×