რეზონანსი
12.09.2022

ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა...სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს მოვიხმარდი დიდი პერიოდის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, მოვუხშირე და ფხიზელი აღარ ვიყავი, სასმელს თავი დავანებე და ნარკოტიკზე გადავედი... ნორმალურად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს გავაკეთებდი?, - ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლოში განაცხადა.

მან დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე ჩვენება მისცა.

ბრალდებულმა დეტალურად ისაუბრა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ის ნარკოტიკების მუდმივი მომხმარებელი იყო.

მისივე თქმით, "ამისთვის 5 და 10 ლარი სულ ჰქონდა".

"სანამ ჯანსაღ გონებაზე ვიყავი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ურთიერთობა არ შეცვლილა, მე შევიცვალე, არაადეკვატური ვიყავი, ფსიქიკური პრობლემები მქონდა, ნორმალურად, როგორც შემეფერებოდა, ისე არ ვიქცეოდი.

ქეთა მეხმარებოდა, ცდილობდა, რომ კარგად ვყოფილიყავი, ექიმთან რომ დავდიოდი, წამლებს მასმევდა. საწყობში ვმუშაობდი, მერე ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობდი - ნარკოტიკების გამო, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს მოვიხმარდი დიდი პერიოდის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, მოვუხშირე და ფხიზელი აღარ ვიყავი, სასმელს თავი დავანებე და ნარკოტიკზე გადავედი, ხან ყავაში ვისხამდი ნარკოტიკებს, ხან ჩაიში, ხან ლუდში.

ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვიღებდი და სხვა რამესაც. უთანხმოება რამ გამოიწვია, ვერ ვიხსენებ, ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მის ახლობლებსაც კითხეთ. ციხეში უფრო დავლაგდი, ნარკოტიკებს რომ არ ვიღებ, წამლებს ზომიერად მასმევენ", - განაცხადა გზირიშვილმა.

პროკურორის ლევან ჟორჟოლაძის კითხვაზე, თუ რას იტყოდა,

გამოძიების ეტაპზე მის მიერ ნათქვამ ინფორმაციაზე, რომ მისი მეუღლე მობილურ ტელეფონს მის დანახვაზე მალავდა და არ აჩვენებდა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მან აღნიშნული მოიგონა.

"რაღაც მიზეზი მოვიფიქრე, რომ ჩემზე პოლიციაში ზეწოლა არ ყოფილიყო, რაღაც მიზეზი ხომ უნდა მეთქვა... საგიჟეთში არ მინდა წასვლა და რაც მოვიფიქრე, თავის გადასარჩენად, ყველას ის მოვუყევი", - განაცხადა გზირიშვილმა.

უშუალოდ მკვლელობის მომენტზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ვერ მოჰყვება, რადგან არ ახსოვს.

"რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი, მივხვდი რომ მკვლელობა ჩავიდინე და გავაანალიზე, რომ პირველ რიგში, პოლიცია უნდა გამომეძახებინა. ნორმალურად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს გავაკეთებდი? ამპულებით ვსვამდი "დიმედროლს". მარიხუანას 3 წელი ვიღებდი, შემდეგ სხვადასხვა ნარკოტიკს.

მეჩვენებოდა რაღაცები, რომ კაკუნი იყო და რომ გავაღებდი კარს, გარეთ არავინ იყო. ფსიქიატრიულში მამამ წამიყვანა, ერთად ვიყავით, ექიმმა წამლები გამომიწერა და ვსვამდი",- განაცხადა გზირიშვილმა.

მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის კითხვაზე, თქვენი მეუღლის ორსულობის შესახებ იცოდით, თქვენი თქმით, არაადეკვატურად იქცეოდით, ამის გამო ხომ არ ხდებოდა თქვენსა და თქვენს მეუღლეს, ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, ბრალდებულმა განაცხადა, რომ "ამას ვერ იხსენებს".

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ვ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს

წყარო:„ ipn"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×