რეზონანსი
19.09.2022

ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი მოსამართლეების განცხადებებს პოლიტიკური ზეწოლის თაობაზე.

ვოლსკის თქმით, ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რასაც რეიტინგები აჩვენებს. მისივე განცხადებით, საქართველოს სასამართლოს "საკმარისი დონის თავისუფლება აქვს" იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში.

„მოსამართლეც ადამიანია, ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთო, ზოგს თავის შეხედულება აქვს, რა ვიცი, შეიძლება საფუძველიც აქვს, რომ ასეთი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამას ყველაფერს დასაბუთება სჭირდება, სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომელ საქმეს არ იღებენ და კონკრეტულად ვისგან აქვთ ზეწოლა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. საქმეც უნდა აიღოს და თუკი მასზე ზეწოლა ხორციელდება, ფაქტები გამოაქვეყნოს და არა ჰაერში ნასროლი ლიტონი სიტყვები. ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რაზეც რეიტინგები მიუთითებს. საკმარისი დონის თავისუფლება აქვს სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში. ასე რომ, კეთილი ინებოს და ყველამ დაასაბუთოს თავის განცხადება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო. მისივე განცხადებით, ასეთ ჩარევებს არ აქვს "აკადემიური ხასიათი", არამედ "ქუჩური წესებით" საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება და პირდაპირი მოწოდება ხდება, რომ დადგეს კონკრეტული შედეგი. კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა რომელიც ახლა ემიგრაციაში იმყოფება, ჰყვება, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი "ერთგულება იყო" და ეს მას ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, პირდაპირ უთხრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×