რეზონანსი
21.09.2022

ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში მსოფლიომ განიცადა მძიმე პერიოდი.

„მზარდი სასურსათო კრიზისი, რეკორდული სიცხე, გვალვა და წყალდიდობა, „კოვიდ-19", ინფლაცია და სასტიკი, უსარგებლო ომი. ომი, რომელიც აირჩია ერთმა კაცმა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში, სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა უსირცხვილოდ დაარღვია გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპები და ქვეყნის მიერ მეზობლის ტერიტორიების ძალის გამოყენებით წართმევის აკრძალვა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პუტინი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ უგუნური უპატივცემულობა გამოიჩინა.

„ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის. პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის ისტორიისა და კულტურის ცენტრებზე. აღმოჩენილია რუსეთის სისასტიკეებისა და ომის დანაშაულებების მტკიცებულებები. მასობრივი სამარხები აღმოჩენილია იზიუმში, ექსჰუმირებულ ცხედრებს წამების კვალი აღენიშნება. ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, პირდაპირი და მარტივად, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში. სწორედ ამიტომ, გენერალური ასამბლეის 141 ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ-მა გასწია უსაფრთხოების სფეროში დახმარება, მასობრივი ჰუმანიტარული დახმარება და პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს წევრმა 40-ზე მეტმა ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება გასწია უკრაინის თავდაცვისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×