რეზონანსი
28.09.2022

მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია - თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

როგორც ბუწაშვილი განმარტავს, ტუბერკულოზით გარდაცვალების რაოდენობის ზრდის მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა.

„კორონავირუსმა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. განსაკუთრებით იგრძნობდა C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის მიმართებით. ვიცით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა გამოვლენა. ეს რისკს ქმნის, რომ ჩვენ ელიმინაციას მივაღწიოთ. გვიანი გამოვლენა მეტ ინფიცირებულს ნიშნავს. იგივე პრობლემა გვაქვს ტუბერკულოზის მიმართულებით.

მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა. ადამიანებს ეს ორი წელი აქცენტი მთლიანად ჰქონდათ კორონავირუსზე, მათ შორის ექიმებსაც. თუ ადამიანი ახველებდა, იკეთებდა ტესტს და თუ არ აღმოაჩნდებოდა კოვიდი ყველა ბედნიერი იყო. ყველას ავიწყდება, რომ ხველას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის გამოვლენა მკვეთრად შემცირდა, შედეგმაც არ დააყოვნა - მთელ მსოფლიოში გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ტუბერკულოზის გამოვლენა შემცირებულია. შემცირებულია აივ ინფექციის გამოვლენაც.

ტუბერკულოზი ჰაერის გზით გადაეცემა. დიდ მანძილზე ვრცელდება, 2 მეტრიანი დისტანცია ეფექტური არ არის. თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებსაც მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ძველ ალგორითმებს, მხოლოდ კოვიდი არ არის, პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარონ", - განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×