რეზონანსი
10.10.2022

ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც ბიოლოგიას ასწავლის, მოსწავლე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. დაზარალებულის თანაკლასელები TV25.GE-ს უყვებიან, რომ ინციდენტი საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა.

ბავშვების თქმით, ბიოლოგიის მასწავლებელმა მოზარდს ხელი დაარტყა. ძალადობა, როგორც ისინი ამბობენ, მოსწავლის მიერ საღეჭი რეზინის გამოყენებას მოჰყვა.

ბავშვების თქმით, ინციდენტის შემდეგ მშობელმა მანდატურის სამსახურს მიმართა, რაზეც ამ უკანასკნელს რეაგირება არ მოუხდენია.

ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მოსწავლესა და პედაგოგს შორის მომხდარ "უთანხმოებას" ადასტურებს.

"ეს ბიჭი არის ჭკვიანი და ათიანს უწერს პედაგოგი, მასწავლებელმა მითხრა, მაგრამ არის მოუსვენარი, მოვკიდე სახეზე ხელი და შემოვაბრუნე, რომ მომისმინე შვილოო, ეს იყო მხოლოდ. ამის შემდეგ, არაფერი ისეთი არ მომხდარა. იმ კლასში არის, ალბათ, ვიღაცა - ცელქი, ონავარი, რომელმაც გამოიყენა ეს და ტელევიზიას შეატყობინა. მანდატურთან არ ყოფილა მშობელი... დაპირისპირება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ზოგჯერ ბავშვი ისე გაგაგიჟებს, რომ იტყვი, არ ვიცი რას ვუზამო. წარმოიდგინეთ, რამხელა მოთმინება უნდა მასწავლებელს", - ამბობს ნარგიზ რომანაძე.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მანდატურისთვის მოსწავლესა და მშობელს არ მიუმართავს.

"ინფორმაციის მიღების შემდეგ მანდატურის სამსახური გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს", - განაცხადეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.

tv25.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×