რეზონანსი
10.10.2022

3 შვილის დედა, 26 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მოძალადის გირაოთი გამოშვების გამო ქვეყნიდან გაქცევა ვერ მოასწრო, მოკლულია.

როგორც მოკლულის დედა ამბობს, 6 წლის შვილიშვილისგან შეიტყო, რომ მისი შვილს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მცირეწლოვანი ბებიასთან ღამით მივიდა და შველა სთხოვა. ლელა ფირანიშვილმა, როგორც ის თავად ყვება, მაშინვე პოლიციაში დარეკა, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო. შემთხვევის ადგილზე მისულს, მარიამ გამტკიცულაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 26 წლის ქალს დანა ყელის არეში ჰქონდა ჩარტყმული.

მოკლულის დედა იხსენებს, რომ თორნიკე გამხვეტელაშვილი მის შვილზე მუდმივად ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. 26 წლის ქალი დედას დახმარებას ხშირად სთხოვდა.

"მიშველე, მიშველე, ამოდი მკლავს" - ეს შეტყობინება დედამ შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, მაშინ ქალმა პოლიციაში დარეკა და სასტიკი დანაშაულის თავიდან აცილება შეძლო, სამართალდამცველებმა თორნიკე გამხვეტელაშვილი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, ადგილზევე დააკავეს. გამოძების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ 26 წლის მამაკაცი მოკლულის მცირეწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

ირკვევა, რომ გამხეტველაშვილი, ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა მოკლულის დედასაც. ამას "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ლელა ფინარნიშვილის ჩვენებაც ადასტურებს.

"ვეუბნებოდი თორნიკეს, რომ თუ მარიამთან კამათს და შეურაცხყოფას გააგრძელებდა, მე დავრეკავდი პოლიციაში, გაბრაზდა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მომიახლოვდა და ხელი ჩამარტყა, მარჯვენა ხელის მტევანში. განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მარიამმა თორნიკეს დაუყვირა, რის შემდეგაც თორნიკე მობრუნდა და მარიამს მუშტი ჩაარტყა თვალში და თავში. ის მარიამს ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. 4 აგვისტოს მარიამმა დამირეკა და მითხრა, რომ თორნიკემ წააქცია ძირს, უკბინა მარჯვენა ლოყაზე და ცხვირში ჩაარტყა თავი. მე მივედი მარიამთან და ვნახე როგორ იყო ნაცემი,"- აღნიშნულია ჩვენებაში.

მოსამართლისთვის ეს ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც ცნობილი იყო. პროკურორმა დარბაზში ის ფოტოებიც გაასაჯაროვა, სადაც სასტიკად ნაცემი მარიამ გამტკიცულაშვილის დაზიანებები ჩანდა. სწორედ ამ მასალების გათვალისწინებით მოითხოვდა ბრალდება დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას, თუმცა მოსამართლემ მკაცრი აღკვეთი ღონისძიების საფუძველი ვერ დაინახა და თორნიკე გამხვეტელაშვილი გაათავისუფლა. რა არგუმენტებით იხელმძღვანელა და რა გარანტიები ჰქონდა მას, რომ 22 წლის კაცი დანაშაულს აღარ ჩაიდენდა - უცნობია. მამუკა წიკლაურმა დღეს, ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ერთადერთი, ვისთვისაც მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება მისაღებია, თორნიკე გამტკიცულაშვილის ყოფილი ინტერესების დამცველია. ნაზი სუმბაძე, დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას კონკრეტული არგუმენტებით ხსნის.

მოსამართლე წიკლაური საზოგადოებას, კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ვერდიქტით ახსოვს. მან დარბაზიდან გაუშვა 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულიც.

მოსამართლე წიკლაურს, გამტკიცულაშვილების ოჯახი მომხდარში ადანაშაულებს. დედა ამბობს, რომ 26 წლის ქალი მოძალადისგან თავის დასაღწევად, მცირეწლოვან შვილებთან ერთად უცხოეთში წასვლას გეგმავდა. 22 წლის მამაკაცის გათავისუფლების გამო, ახალგაზრდა ქალმა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა.

სახლში 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე ამავე კორპუსში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. "კურიერი" ბრალდებულის ოჯახშიც მივიდა, სადაც მხოლოდ მოხუცი ბაბუა ცხოვრობს. მას შვილიშვილის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე საუბარი არ სურს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×