რეზონანსი
11.10.2022

ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად შესამჩნევია, ზედაპირზეა - მინდა ოპოზიციას ვთხოვო, ახლა ისეთი დროა გაერთიანების, როგორიც არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ "მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გვარამიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის ერთიანობა შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც იყოს.

„ოპოზიციის კრიტიკა გახდა თვითმიზანი. კრიტიკის მიზანია გარემოს გაუმჯობესება. ოპოზიციის კრიტიკა იცით როგორი გახდა? - უნდა "დაასტუკო" და წახვიდე, ასეთი ფორმა მიიღო. ჩემზე მწვავე კრიტიკოსი ოპოზიციას ძალიან ცოტა ჰყავდა, მაგრამ მეგობრებო, კონტექსტი ცვლის შინაარსსაც და სათქმელის დროსაც და ფორმასაც. საზოგადოებრივ ცხოვრებაში კონტექსტი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე შინაარსი და ეს ახლა ნამდვილად ასეა. მე იმასაც არ ვიტყვი, რომ ისეთი ოპოზიცია გვყავს როგორიც საზოგადოება, ამის თქმა მე არ მინდა. ჩვენი ოპოზიცია ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ომის წინანდელი უკრაინული პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად შესამჩნევია, ზედაპირზეა, მაგრამ ეს სისუსტეები ამგვარი დამოკიდებულებით კიდევ უფრო ღრმავდება და ზოგჯერ ეს დამოკიდებულება არის უსამართლო, ზოგჯერ სამართლიანი, მაგრამ უკონტექსტო.

მინდა ოპოზიციას ვთხოვო, ახლა ისეთი დროა გაერთიანების, როგორიც არასდროს არ ყოფილა. ეს კრიტიკაც ალბათ დასრულდება, ახალი ცდომილება გჭირდებათ, რომ გადაიტვირთოს თქვენი შიდა რესურსებიც და საზოგადოების დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ამას თქვენი შინაგანი ენერგია სჭირდება, იმისთვის , რომ ეს გადაიტვირთოს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა. შეიძლება ეს ერთადერთი გამოსავალიც იყოს და ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა“,- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. მომდევნო პროცესზე კი, მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, რომლის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×