რეზონანსი
11.10.2022

"თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ მყარდება ლარი, რა არის ამის მიზეზი და გაგრძელდება თუ არა სამომავლოდ ეს ტენდენცია.

მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანი იყო მოლოდინები. კერძოდ, ზამთრის „აუცილებლად“ გაუფასურების მოლოდინების გამო, დეპოზიტების სახით, საბანკო სექტორში ჭარბი დოლარი დაგროვდა, რამაც ლარის გამყარება გამოიწვია.

თუმცა, სამომავლოდ გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, ოთარ ნადარაიამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ლარი მეტად აღარ გამყარდება, რადგან ეს უკვე საერთაშორისო კონიუქტურაზე (დოლარის სიმყარეზე) და ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, დამატებითი შემოდინება არის, მიგრაციის დამატებითი ტალღიდან, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი ლართან მიმართებით. იმიტომ, რომ პირველი, შემოდინებები ისედაც ძლიერი იყო, და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, წელს ძალიან გამოკვეთილი იყო მოლოდინები, ლარის სეზონურად „აუცილებლად“ გაუფასურებასთან დაკავშირებით. როდესაც ასე ხდება, ინტუიციურად რომ შევხედოთ, აქ საერთოდ არ არის საჭირო ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა, თუ თითქმის ყველა ელოდება, რომ ზამთრის გამო, წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება, ლარი აღარ გაუფასურდება იმიტომ, რომ ყველა ახურდავებს. ანუ ლარიდან გადადის დოლარში დეპოზიტებზე და სხვათაშორის, დეპოზიტები არ არის მხოლოდ მიგრანტების გამო, ადგილობრივი დეპოზიტებიც ძალიან იზრდება, რადგან ვისაც აქვს დაზოგვის საშუალება, უფრო ვალუტაზე გადავიდა, სესხებს ვინც იღებს, უფრო ლარში. ამით რა მოხდა, ის სავალუტო შემოდინებები, რომელიც საქართველოშია, დიდი ნაწილი (მიგრანტების გარეშე), დაახლოებით, 800 მლნ დოლარი ან მეტი, საბანკო სექტორში დაგროვდა. ანუ, ზამთრის გაუფასურების მოლოდინების გამო, ეს ჭარბი დოლარი დაგროვდა, რაც სავალუტო ბაზრიდან ამოვიდა.

ახლა რა მოხდება შემდეგ თვეებში და რატომ მყარდება დღეს ლარი, არ მგონია, რომ ეს მარტო მიგრანტების ბრალი იყოს. იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვინც დააგროვა ვალუტა, ვინც იფიქრა, რომ რადგან ახლა ზამთარში გაუფასურდება, მოდი ივლისში, სექტემბერში და ზოგმა აგვისტოში, მოვასწრებ გადახურდავებას. ისინი ხედავენ, რომ ტენდენცია შეიცვალა და ლარი სინამდვილეში არ უფასურდება. ამიტომ, როგორც სესხების კუთხით ( იმიტომ, რომ უკვე მეტი სესხი გააქტიურდა ვალუტაში) ასევე დეპოზიტების კუთხით, უკვე იგრძნობა ეს ცვლილება. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს დაგროვილი 800 მლნ ნელ-ნელა უკვე უბრუნდება სავალუტო ბაზარს. ამიტომ, ჩემი აზრით, მომდევნო თვეებში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ მიწოდებას სავალუტო ბაზარზე ვალუტის, ვიდრე ეს ექსპორტიდან, გზავნილებიდან, ან თუნდაც, მიგრანტებიდან და ტურიზმიდან გამომდინარეობს.

შეჯამების სახით, წინააღმდეგობრივი რამ უნდა ვთქვა, გამოიწვევს თუ არა ეს ლარის გამყარებას, ვფიქრობთ, რომ - არა. იმიტომ, რომ აქ ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონიუქტურა და ინფლაციის პროგნოზი. საერთაშორისო კონიუქტურაში ვგულისხმობთ იმას, რომ დოლარი არის რეკორდულად მყარი მსოფლიოში, ამიტომ სანამ დოლარი არ დასუსტდება საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ძალიან რთული დასაჯერებელია წელს, ლარის გამყარება დოლართან რთული წარმოსადგენია“,- ამის შესახებ ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×