რეზონანსი
17.10.2022

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.

„ჩვენი დელეგაცია ერთ-ერთი თანასპონსორიც იყო ამ რეზოლუციის, თუმცა მას შემდეგ, რაც იქ გაჩნდა ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია ამას მხარს ვერ დაუჭერდა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 400-მდე რეზოლუცია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიღებული და საქართველომ ყველას მხარი დაუჭირა.

„თემატურად საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიულ სახელმწიფოდ გამოცხადებას რაც შეეხება, იმავე დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით მსოფლიოს საპარლამენტთაშორისო კავშირის ყოველწლიურ ასამბლეაზე, ზუსტად იგივე ტიპის დოკუმენტი გავიდა, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. წინა დღეს გენერალურ ასამბლეაზე ბევრად უფრო მძიმე დოკუმენტი გავიდა რუსეთის წინააღმდეგ და იმ დოკუმენტსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 400-მდე რეზოლუცია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიღებული და ოთხასივეს საქართველომ მხარი დაუჭირა. ერთადერთი საკითხი, რის გამოც ეს რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო, იყო ის, რომ გაჩნდა სრულიად უაზრო და დამახინჯებული ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ „მიხეილ სააკაშვილი არაიდენტიფიცირებულ პირებთან ერთად პუტინის პატიმარია", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×