რეზონანსი
31.10.2022

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, დანიის მოქალაქე, წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა - 15.000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

შემდგომში, უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის - ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, აღნიშნული თანხა დაანაწევრეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×