რეზონანსი
14.11.2022

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი საშინელი კანონია და მას მხარს არ უჭერენ.

მისივე თქმით, ორი ინსტიტუცია, სასამართლო და პროკურატურა რომ იყოს გამართული, ქვეყანაში ვერანაირი ოლიგარქიული მმართველობა ვერ იქნებოდა.

ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ოპოზიციამ სწორ საკითხებზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

„საშინელი კანონია, ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ეს არის სისულელე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა ჩაიდინა. ეს იყო ბუმერანგი, რომელიც დაუმიზნეს ბიძინა ივანიშვილს და მოხვდება ოპოზიციონერ მდიდრებს. ამით დამთავრდება ეს ისტორია, რადგან ზოგიერთ მიამიტ ოპოზიციონერს რატომ ჰქონდა განცდა, რომ ვიდრე „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, მიაღებინებდნენ ისეთ კანონს, რომლითაც ივანიშვილს რამეს აუკრძალავდა. ეს მიამიტური განცდა არ მესმის. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" ამ ვითარებას გამოიყენებს, გადმოიტანს უკრაინულ კანონს შესწორებებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბუმერანგს, რომელიც დაუმიზნეს ივანიშვილს, მოარტყამს მამუკა ხაზარაძეს, ნაყოფიას. კეზერაშვილი ისედაც ციხეში უნდა იჯდეს ამ ხნის განმავლობაში.

ჩემი აზრით, სტატუსზე დიდად ვერ აისახება, რადგან „ქართული ოცნება" გაიმართლებს თავს. იტყვიან, დამავალეთ, გავიხედე, გამოვიხედე, პრეცედენტი არსად არ იყო, იყო უკრაინული, გადმოვიღე, მივიღე. რასაც სულ ვსაყვედურობთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან არის ის, რომ სწორ საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტები და უბრალოდ არ ვაბაკუნოთ ფეხები. ჩვენ მარტო სასამართლოზე უნდა ვსაუბრობდეთ, მარტო პროკურატურის თავისუფლებაზე უნდა ვლაპარაკობდეთ. ეს ორი ინსტიტუცია რომ იყოს გამართული, ვერანაირი ოლიგარქიული მმართველობა ვერ იქნებოდა ქვეყანაში, მაგრამ მოიგონებენ, დაიჩემებენ ხოლმე რაღაცას, დააბაკუნებენ ფეხს. შემდეგ ეს მოქნეული ბუმერანგი ხვდებათ თავში და უკვირთ, კიდევ ერთხელ როგორ აჯობა ჭკუაში „ოცნებამ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×