რეზონანსი
14.11.2022

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის ფონზე, პარტიაში არჩევნების ახლა დანიშვნა არ იყო დროული.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებში არ ერევა და ნეიტრალური პოზიცია აქვს.

ასევე, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ მას პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის პოსტზე ვერ ვიხილავთ. მისივე განცხადებით, ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავი არ ამოუწურავს.

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე, ამას ვერ იხილავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ვიყავი ადამიანთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველესი ამოცანა სააკაშვილის კლინიკიდან დროული გაყვანაა. აქ საკითხი სიცოცხლის გადარჩენაა. იმ დღეს, როდესაც განიხილებოდა სააკაშვილის საკითხი და მნიშვნელოვანი იყო როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება ამ სასამართლოს დასრულების შემდეგ, ჩვენ, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად, ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი. ამის შესახებ არც მე, არც პარტიის პრესსამსახურმა და არც თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდით. არ ვიცი ეს რას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ იყო დროული. მეტსაც გეტყვით, არჩევნების საკითხი და ახალი სამოქმედო გეგმის საკითხი დიდი ხანია განიხილება პარტიაში. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო ამის განხილვა შიგნით და არა იმ ფორმით, რა ფორმით ეს ჩემმა კოლეგებმა გააკეთეს. არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ.

პარტიას აქვს წესდება, რომლის მიხედვითაც ჩატარდება არჩევნები. ვიცი, რომ მიმდინარეობს მზადება, მაგრამ კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ. იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონსოლიდირებულად იფიქრებენ ქვეყანაში ვითარების შეცვლაზე.

მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ნიკა გვარამიას თავისუფლება. ჯობია, ამ აზრის ირგვლივ ვიყოთ კონსოლიდირებული.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე სიღრმისეულად გვესაუბრა, თუმცა ის არ ერევა პარტიის შიდა საქმეებში, ნეიტრალური პოზიცია აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში დანიშნული არჩევნები მისი აზრითაც უდროო იყო", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×