სტუდენტს, რომელსაც თსუ-ში გამოცდის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი დაეცა, დღეს ტვინის შერყევა დაუდგინდა, - ინფორმაცაის EDU.ARIS.GE ავრცელებს.
დაშავებული სტუდენტის დედის თქმით, ჭერის ნაწილი მას კეფაზე და ზურგზე დაეცა, თუმცა წერა გააგრძელა, საღამოდან კი ხერხემალზე ტკივილები დაეწყო.
"ახლაც საავადმყოფოშია კვლევებზე. გამოვედი, რადგან შიგნით არ შემიშვეს. როგორც თავად ყვება, გამოცდის დროს ბავშვებმა გაიგონეს ხმა ჭერიდან და სთხოვეს, რომ ადგილი შეეცვალათ. ამის უფლება არ დართეს. ჩემი შვილი იჯდა მეთერთმეტე მაგიდასთან და დაეცა ჩემს შვილს და როგორც თქვეს, კიდევ ერთ სტუდენტს. თვითონ ამბობს, რომ დაეცა კეფაზე და ზურგზე. მაშინ, ალბათ შოკური მდგომარეობა იყო და გააგრძელა წერა.
დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა, საღამოდან დაეწყო საშინელი ტკივილები ხერხემალზე. იქამდეც, სასწრაფოს რომ გამოუძახეს, ერთი დღე დავაკვირდეთო და ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ. დღეს ისევ გამოვიძახე სასწრაფო და არის ტვინის შერყევა, მაგრამ გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო, გვირჩიეს. ახლა გადაუღებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კვლევას გაუკეთებენ. გადარჩა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფრთხე ხვალ სხვის შვილს დაემუქრება. რამდენიმე საათი უნდა გაგრძელდეს კვლევა და იმედია, კარგად ჩაივლის" - ამბობს სტუდენტის დედა.
რაც შეეხება თავად უნივერსიტეტის წარმომადგენებს ამტკიცებდნენ, რომ საგამოცდო სექტორში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა მეტიც, ჭერის ნაწილი თავზე არავის დასცემია.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ის საგამოცდო სექტორში ჭერის ნაწილი, გუშინ 14 ნოემებერს საგამოცდო პროცესის დროს ჩამოიშალა.