რეზონანსი
30.11.2022

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის.

„რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისთვის მიყენებული ზარალი ფასდება 600 მილიარდი ევროთი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას ზარალი და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რათა ვაიძულოთ რუსეთს გადახდა. ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 300 მილიარდი ევრო გვაქვს დაბლოკილი, ასევე გვაქვს გაყინული 19 მილიარდი ევროს ოდენობის რუსი ოლიგარქების ფული. მოკლე ვადაში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, შეგვიძლია შევქმნათ სტრუქტურა ამ თანხის მართვისთვის და ინვესტიციისთვის, შემდგომ შემოსავალს ჩვენ უკრაინისთვის გამოვიყენებთ. როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული იმგვარად, რომ რუსეთმა გადაიხადოს სრული კომპენსაცია უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გავხადოთ. რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი ასევე იმუშავებს ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×