რეზონანსი
04.12.2022

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" მოინახულა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს წერილობითი თანხმობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ.

ამასთან, ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დღეს შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რათა სახალხო დამცველმა შეძლოს სასამართლოში პოზიციის წარდგენა. ნინო ლომჯარიას თქმით, ექიმების დასკვნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩაერთვებიან - წარადგენენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, თუ სხვა ფორმას განიხილავენ.

„რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა, უბრალოდ ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე, მივიღეთ წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო მასთან ექიმებმა გაატარეს და ვფიქრობ, სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც დღეს შეიძლებოდა. მოგეხსენებათ, სასამართლოში არის წარდგენილი შუამდგომლობა მისი დროებით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე, თუ სასჯელის გადავადებაზე და სახალხო დამცველი ამ პროცესში განიხილავს ინტერვენციას. იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ, საჭიროდ ჩავთვალე, მოვსულიყავი. პროცესი შემდეგ კვირაში ჩაინიშნა, ამიტომ მანამდე მოგვიწევს დასკვნის მომზადება, რის გამოც საჭირო გახდა ექიმების მოსვლა, რომ თავად შეეფასებინათ მდგომარეობა. ვერაფერს გეტყვით, წინა მოსვლაზე არ შემიფასებია, როგორც ექიმს. კონკრეტულად სასამართლო მეგობრის მოსაზრებას წარვადგენთ, თუ სხვა ფორმით ჩავერთვებით, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც კონსილიუმი შეიკრიბება და თავის დასკვნას დადებს.

მოლოდინზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს არის სამართლებრივი გზა, რაც მხარემ აირჩია და სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მიიღოს მონაწილეობა. მისი პატიმრობის პირველივე დღიდან, ჩვენ ჩართული ვართ მდგომარეობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად, მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ვითარება ნამდვილად რთულია, რასაც ექიმებიც საუბრობენ. ამ დინამიკით რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება. შეიძლება, იყოს ჩართვის სხვადასხვა ფორმა - უბრალოდ, დასკვნა დავდოთ და ეს მხარემ გამოიყენოს, შეიძლება, მოწმის სტატუსითაც მივიდეთ და ჩემმა ექიმებმა ინფორმაცია მიაწოდონ. განვიხილავთ სხვადასხვა ფორმას", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×