რეზონანსი
05.12.2022

პოლონეთი, ტრადიციულად, ისტორიულად, ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის ასეთი პოზიცია, - ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

ბერიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა და ღონისძიება, მათ შორის ზურაბიშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც დღეს გაიმართება.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ეწვია ვარშავას სამუშაო ვიზიტით. მას ექნება შეხვედრა თავის პოლონელ კოლეგასთან, ბატონ ანჯეი დუდასთან. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ იქნება პრესკონფერენცია, სადაც პრეზიდენტებს ექნებათ გამოსვლები. განხილული იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები - პოლონეთის, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში, რაც ჩვენთვის დღეს აქტუალურია. პოლონეთი, ტრადიციულად, ისტორიულად, ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის ასეთი პოზიცია. ამის შემდეგ ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ოსვენციმში, სადაც გაიმართება პარაკლისი. ასევე იქნება შეხვედრები, გამოსვლები საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში, რის შემდეგაც დაგეგმილია კრაკოვში პრეზიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავზე მისვლა და გვირგვინით შემკობა. ამის შემდეგ გათვალისწინებულია მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რომელსაც დაესწრებიან კრაკოვის რეგიონის ოფიციალური პირები", - განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×