რეზონანსი
12.12.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი გასათვალისწინებელია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და არადემოკრატიულია, უმცირესობამ აიძულოს უმრავლესობა, ოპოზიციის ფავორიტ კანდიდატს დაეთანხმოს.

„ფრაქციებს შორის საუბრის პროცესი მიმდინარეობს, 19 კანდიდატიდან შევიწროვდა წრე და მიმდინარე კვირასაც იქნება ამ საკითხებზე საუბარი, რათა მიღწეული იყოს კვალიფიციური უმრავლესობა რომელიმე კანდიდატის გარშემო. როგორც კი კვალიფიციური უმრავლესობა იქნება მიღწეული, ჩატარდება კენჭისყრა და ავირჩევთ სახალხო დამცველს. ღია პროცესში მონაწილეობა 19-მა კანდიდატმა მიიღო, გასაუბრების შედეგად, რვა კანდიდატამდე ჩამოვედით და ახლა ამ რვა კანდიდატის გარშემო უნდა გაიმართოს მსჯელობა. არადემოკრატიული პროცესია რაიმე სახის მცდელობა, უმცირესობამ უმრავლესობა მოაქციოს გარკვეულ კალაპოტში, რომ არ დაუტოვოს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეულ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამიტომაც ჩვენ მიერ ჩატარდა ღია პროცესი და არა დახურული. რვა კანდიდატზე გრძელდება საუბარი. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გაქარწყლებული დამოკიდებულება, თითქოს სახალხო დამცველი არჩეული უნდა იყოს ისე, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილმა უნდა თქვას, ვინ არის მისი ფავორიტი და შემდეგ უმრავლესობა იძულებული იყოს, დაეთანხმოს ოპოზიციის ფავორიტს, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიას. „ქართული ოცნება" არის საპარლამენტო უმრავლესობა, წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და თუკი ვინმეს აზრი არის გასათვალისწინებელი, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრი. ახლა არის პოლიტიკური შეთანხმების საკითხი. რაც შეეხება რეიტინგებს, შეცდომაში შემყვანია ქულების დაჯამება და პირიქით, ემსახურება მხოლოდ დაბნეულობის შემოტანას. მთავარია, მოხდეს შეთანხმება კანდიდატების გარშემო, იქნება კონსულტაციები ფრაქციებს შორის და იმედია, მივაღწევთ შეთანხმებას. თანაბრად მისაღები უნდა იყოს იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში შეიკრიბება და არა ისე, რომ უმცირესობამ აიძულოს უმრავლესობა, დაიყოლიოს. ღია პროცესით მზად ვართ, ვიმსჯელოთ ოპოზიციასთან კანდიდატებთან დაკავშირებით, ვისაუბროთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე და შევთანხმდეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×