რეზონანსი
13.12.2022

მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ამჟამად იმყოფება, არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საკითხი ძალიან ღრმა პოლიტიკურ კულუარებში „საქართველოს დირექტორის" ჩარევით წყდება და ამ ადამიანის ინტერესი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ძალიან ცალსახად მიუთითებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის საქმე არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი და ფაქტორი საქართველოს ევროატლანტიკური ბედის განსასაზღვრად.

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ამ ხმაურის გადაგორება იმ იმედით, რომ მეტი ხმაური არ იქნება და საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი რამ გაუკეთებია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც, როდესაც ისინი ცდილობენ ხოლმე, რომ გამწვავების კულმინაციის პერიოდი გაიარონ უმტკივნეულოდ და იმედი აქვთ, რომ შემდეგი რაუნდი აღარ იქნება. მე არ მგონია, რომ ეს სააკაშვილის საქმის ბოლო კულმინაციაა. მე არ მგონია, რომ თუნდაც „ქართულმა ოცნებამ", რომ მოახერხოს რამდენიმე დღით, თუ კვირით ამ ამბის გადაგორება და გადატანა შემდეგი პერიოდისთვის, რაიმე შედეგს მოუტანთ მათ საშუალოვადიან, ან გრძელვადიან პერსპექტივაში. მგონია, რომ სააკაშვილი იმ ჯანმრთელობის მდგომარეობაში, როგორშიც ამჟამად იმყოფება, არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს.

სააკაშვილი კონტრავერსიული ფიგურაა, მათ შორის, პატიმრობის განმავლობაში და მე პირადად შევსწრებივარ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან როგორც უსაფუძვლო ბოღმას და ზიზღს, ასევე აუხსნელ პატივისცემას და სიყვარულს. სააკაშვილის მდგომარეობაზე ეფექტურ კონტროლს ფლობს ხელისუფლება და არა დაცვის მხარე, ამიტომ ცხადია, მათ იციან მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მე არ მგონია, რომ სააკაშვილის ამბავს წყვეტენ ისინი, ვისაც ფორმალურად ევალებათ ამ ამბის გადაწყვეტა. მე მგონია, რომ ეს წყდება ძალიან ღრმა პოლიტიკურ კულუარებში, „საქართველოს დირექტორის" ჩარევით და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის ინტერესი არ არის სააკაშვილის გამოშვება", - განაცხადა თუთბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×