რეზონანსი
19.12.2022

კონსპირაციის თეორიებით ნუ ვართ შეპყრობილი - საპირისპირო რომ გაირკვეს, რომ იმ კაცს არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ვინმე ამისთვის ბოდიშს მოიხდის? - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში, ოპოზიციის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრზე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტის ხელისუფლებასთან დაკავშირებას.

სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს არცერთი ასეთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია.

„კონსპირაციის თეორიებით ნუ ვართ შეპყრობილი, ცუდად დაგვჩემდა, რომ წამოვიძახებთ ხოლმე რაღაცას. საპირისპირო რომ გაირკვეს, რომ იმ კაცს არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ვინმე ამისთვის ბოდიშს მოიხდის? არ შეიძლება ასე ცხოვრება. ეს არის ყველაზე ნაკლებად ევროპულობა, ცივილიზებულობა. არ შეიძლება ასეთი ფორმებით და მეთოდებით საზოგადოების დეზინფორმირება. დეზინფორმირებაა, როდესაც არავითარი საფუძველი არ გაქვს, ხელისუფლება დაადანაშაულო და ამას მაინც აკეთებ, რადგან ვიწროპარტიულად მომგებიანია",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია.

„არაფრით არ შეიძლება, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტოლერანტულად შევხვდეთ ისეთ ქმედებებს, როდესაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ განსხვავებული აზრის გამო სხვას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუღებელია. სამართლებრივ კვალიფიკაციას რაც შეეხება, ამ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×