რეზონანსი
22.12.2022

დეპუტატებს მანდატი საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს და არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ წარმოდგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები და რომელზე შეჯერებაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ვერ მოხდა, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ყველანი უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები, გვაქვს მანდატი, რომელიც მოგვანიჭეს საქართველოს მოქალაქეებმა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პოზიცია თავიდან ბოლომდე დაყვანილია იმაზე, რომ რამდენიმე „ენჯეომ" დაასახელა რამდენიმე კანდიდატი და იმის იქით ფეხს ვერ ვუცვლით. მგონი, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვუდგებით იმ მანდატს, რომელიც თქვენ ხალხმა მოგანიჭათ. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა უნდა დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა და არა რომელიმე ოთახში შეკრებილმა რამდენიმე „ენჯეომ", როდესაც მათ კანდიდატები დაასახელეს. ფეხი ვერ მოუცვალა ოპოზიციის ნაწილმა და ვერც კი გაბედეს, რომ რომელიმე სხვა კანდიდატზე ეფიქრათ გარდა იმისა, რომელიც „ენჯეოების" მხრიდან იყო დასახელებული. ეს არის რეალობა. დაასახელეთ სახელი და გვარები, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ ხართ თანახმა, ისინი ყველანი რამდენიმე „ენჯეომ" დაასახელა დახურულ კარს მიღმა, დახურული პროცესით, კორპორატიულად. სამწუხარო განვითარებაა, როცა რამდენიმე „ენჯეო" ცდილობს პარლამენტს თავისი გადაწყვეტილება თავს მოახვიოს, დაასახელოს კანდიდატები და შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავდეს, (განსაკუთრებით, ოპოზიციასა და პატარა პარტიებს ეხებათ), რათა ამ კანდიდატების გარდა სხვაზე არ იფიქრონ. ეს არის რეალობა.

სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავში. თავიდანვე ვამბობდით, რომ თუკი ოპოზიციის მიდგომა იყო, „ქართული ოცნება" გარკვეულ გვირაბში მოექცია, სადაც ბოლოში არის ერთი გამოსავალი, სწორედ ეს არის, სადაც ოპოზიციის ნაწილმა მიიყვანა პროცესი. თურმე არანაირი აზრი ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების გასაუბრებაზე შემიძლია გითხრათ საერთოდ რამდენი ოპოზიციის წევრი დადიოდა..."- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×