რეზონანსი
24.12.2022

წამყვანი ოპოზიციური ძალის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ახერხებს არა თუ კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის საპროტესტო აქციებს, არამედ ვერ კრებს 500-მდე პროტესტანტსაც კი, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის" პარადოქსია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათთვის დღეს უკვე წარსულია, რადგან ის აღარ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ პერსპექტივას, რომელიც მომავალში მათ მერკანტილურ ინტერესს დააკმაყოფილებს.

„ნაციონალური ანუ დავარქვათ რეალური სახელი „ნაციონალური მოძრაობის", როგორც წამყვანი ოპოზიციური ძალის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ახერხებს არა თუ კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის საპროტესტო აქციებს, არამედ ვერ კრებს 500-მდე პროტესტანტსაც კი. და ეს მაშინ, როდესაც მიუხედავად ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევებისა, მართალია „ნაციონალები" თითქმის 2-ჯერ ჩამორჩებიან რეიტინგით მმართველ პარტიას „ქართული ოცნების" სახით, სამაგიეროდ პროცენტულად გადაწონიან ყველა ოპოზიციურ პარტიას ცალ-ცალკე თუ ყველას ერთად აღებულს!

„ნაციონალების პარადოქსიც" აქ დგას, ფერმის ცნობილი პარადოქსისა არ იყოს, მაშინ სად არის მათი მხარდამჭერი ელექტორატი თუ ეს ამ კვლევებით ასეა!

ეს მიხეილ სააკაშვილის ბოლო სასამართლო პროცესზეც ცხადად გამოჩნდა. იმ კადრებიდან, რაც ჩვენ ვიხილეთ, სიბრალულის გრძნობას თავი რომ დავანებოთ, მისი მომხრეთა წმინდა ფსიქოლოგიური და ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, სოლიდარობის გრძნობა მაინც რატომ ვერ ვიხილეთ? აქ საპროტესტო მუხტს საერთოდ არ ვგულისხმობ, რაც წესით ისედაც უნდა ყოფილიყო თავად „ნაცმოძრაობის" მოწოდების გარეშეც.

ჩვენ, თუნდაც სამეზობლოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ანალიზიდან არაერთი საპროტესტო გამოსვლა ვიხილეთ და დღესაც ვხედავთ ყოველგვარი პოლიტსუბიექტების მოწოდების გარეშეც, სადაც თავად ხალხია ამ პროტესტის სათავე!

ამ ფენომენის ახსნა სტანდარტიზირებული მიდგომებით, რასაც ცალკეული დაინტერესებული ექსპერტები მიმართავენ, ქართული ოპომედიის მხარდაჭერით, ვფიქრობ, არასწორ და სუბიექტურ დასკვნებზეა აგებული, მათ შორის თითქოსდა მისი მომხრეების ნაწილი სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ელექტორატია და სამსახურის დაკარგვის შიშით არის პასიური. იგივე პრობლემა თავად „ნაციოონალების" მმართველობის ბოლო წლებშიც იდგა და ასი ათასობით მიტინგები იმართებოდა, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა მონაწილეობით.

აქ არაფერ შუაშია არც „ნაცმოძრაობის" ლიდერშიპის სტრატეგიის სიმცდარე ან შიდა დაპირისპირება, რადგან კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, წმინდა ადამიანური მომენტი მაინც სად გაქრა მის მომხრეებში, რადგან კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის აქტიური ტირაჟირებით, მის მომხრე ელექტორატში საპირისპიროს ხომ უნდა აჩვენებდეს?!

ჩემი შეფასებით, მთავარი პრობლემა სწორედ აქ დგას, რაც გარკვეულწილად ხსნის „ნაციონალური მოძრაობის" პარადოქსს და სამწუხაროდ არა მხოლოდ!

და ეს პრობლემა თუ დილემა ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის პოსტ ტოტალიტარულ მენტალობაშია საძიებელი, დღემდე სტალინი ყველაზე დიდ ქართველად რომ მიაჩნიათ, ხოლო ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსად!

ამ ელექტორატისათვის მიუღებელია, წაგებული ან დამარცხებული ლიდერები და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მათთვის დღეს უკვე წარსულია, რადგან ის აღარ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ პერსპექტივას, რაც მომავალში მათ მერკანტილურ ინტერესს დააკმაყოფილებს! ამ სამწუხარო ფენომენით აიხსნება ზვიად გამსახურდიას 90 პროცენტიანი მხარდაჭერა ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერაში, რომ გარდაისახა!

ამასთან, დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი თუნდაც ნელსონ მანდელასავით რომ ჩამჯდარიყო ციხეში და აქაც ყოველგვარი შემოპარვის გარეშე ჩამოსულიყო და თავისი სიმართლეც სხვა რაკურსით დაემტკიცებინა თუნდაც ციხიდან, სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იქნებოდა!

მისი განთავისუფლებაც მაშინ დადგებოდა საერთაშორისო დღის წესრიგში და „ქართული ოცნებაც" იძულებული იქნებოდა შიდა მოთხოვნის თუ გლობალური წესრიგისათვის ანგარიში გაეწია, ვიმეორებ თუ ის წაყენებულ ბრალდებებს ეჭვქვეშ დააყენებდა, და არც ადვოკატების ცხვირსახოცივით შეცვლა და არც ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა ხელმოწერების იმედად ყოფნა მოუწევდა!

მიმაჩნია, რომ მიუხედავად ამისა სააკაშვილის პრობლემა გადასაწყვეტია და მისი გადაუჭრელობა მომავალში კიდევ უფრო დაამძიმებს ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

„ქართულ ოცნებასაც" თუ რუსული იმპერიის უცილობელი მარცხის რეტროსპექტივასაც გავითვალისწინებთ, საერთაშორისო პოლიტიკის კონსენსუსზე გავლა მაინც მოუწევს, თუ გვსურს ინტეგრაცია გლობალურ პოლიტიკაში და გლობალურ ბაზრებზე, რაც არის ჩვენი განვითარების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების უალტერნატივო გზა!

თავის დროზე, ციხეში თანამედროვე ჩილეს არქიტექტორი პინოჩეტიც ჩასვეს და ესპანეთის სახელმწიფოს შემქმნელი ფრანკოც და ამით ქვეყანა არ დაქცეულა, თუმცა...

დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო დეჰუმანიზაციის ამ სახიფათო სპირალიდან გამოსავალს, რასაც თავის დროზე სწორედ სააკაშვილის მმართველობისას ჩაეყარა საფუძველი, მაინც იპოვის, ეს ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს მოეწონება თუ არა!", - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×