რეზონანსი
05.01.2023

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ მსოფლიო გააოგნა, თუმცა გაკვირვების მიზეზი არ არსებობდა, რადგან უკრაინაში ომამდე იყო რუსეთის შეჭრა საქართველოში, რუსეთის სისასტიკე გროზნოში, ალეპოს დაბომბვა და ყირიმის ანექსია.

სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთმა იცოდა, რომ უკრაინაში ომი მოსალოდნელი იყო, რადგან ეს მოსკოვის პოლიტიკური მიზნების ნაწილი იყო.

"რუსეთის სისასტიკემ ყველა გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ომი მოსალოდნელი იყო. ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როცა მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი, რომელიც არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, ის 2014 წელს, რუსეთის მხრიდან უკრაინის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით დაიწყო", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის წინაპირობა თვეებით ადრე არსებობდა, რაზეც NATO საჯაროდაც საუბრობდა. მისივე თქმით, ომის თავიდან ასარიდებლად NATO-ს დიპლომატიური და პოლიტიკური მცდელობები ჰქონდა, თუმცა პუტინმა თავდასხმა აირჩია.

"NATO მზად იყო. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. განვალაგეთ უფრო მეტი სამხედრო NATO-ს წევრ ქვეყნებში. გაიზარდა ჩვენი სამხედროების მზაობა, შეიქმნა ახალი თავდაცვის დომენები, როგორიცაა კიბერ თავდაცვა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან", - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×