რეზონანსი
05.01.2023

ვანო მერაბიშვილის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გიგიშა შარაშიძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

გიგიშა შარაშიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა ბუტა რობაქიძის საქმე. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ბუტა რობაქიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეგობარი იყო და რობაქიძესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის რეაქციაზე გაღიზიანდა.

„აფთიაქში შესულმა გიორგი შარაშიძემ დაინახა ვანო მერაბიშვილი. დაახლოებით ოთხიდან ხუთ საათამდე პერიოდი იყო. ამ დროს ის ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა დაასრულა საუბარი, ჰკითხა, ხარ თუ არა ვანო მერაბიშვილიო? კი, მე ვარო. შარაშიძემ უთხრა, ბუტა რობაქიძის მეგობარი ვარო, და როგორც თვითონ აღწერს, 9 წლის ასაკიდან ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა, განიცდიდა თუ არა რაიმე ადამიანურს მის ხსენებაზეო. როდესაც მერაბიშვილმა ძალიან აგდებულად მიპასუხა, რა დროს ბუტა რობაქიძეაო, ამან ჩემში გაღიზიანება გამოიწვია და რამდენჯერმე მოვუქნიე ხელიო. შარაშიძე ამბობს, ბოლოს, რომ გაიქცა, არ გადამიღობია გზა, მივეცი საშუალება, უბრალოდ, ფეხი მოვუქნიეო და როცა გავიდა, მეც გავედიო. იქვე, 20 მეტრში მანქანასთან იყო, არ გავკიდებივარ, მივაძახე შეურაცხმყოფელი სიტყვებიო. საპასუხო რეაქცია ვანო მერაბიშვილის მხრიდან არ ყოფილა, ხელის მოქნევის დროს ხელი აიფარაო", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად მომღერალ „უცნობის" (გია გაჩეჩილაძე) სიძე გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. შსს-მ მედიაში ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტი ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. ინფორმაციას თავად „უცნობის" სიძე ადასტურებს, კონკრეტულ დეტალებზე კი არ საუბრობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×