რეზონანსი
11.01.2023

გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი თბილისში მაქვს დამთავრებული. მანამდე დამთავრებული მაქვს ისტორიული ფაკულტეტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, წითელ დიპლომზე , - ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის სიტყვა „ვინმე" რატომ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, თუ ვინ არის ის, რადგან მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მსახურობდა კგბ-ს ჯარებში, თავად კგბ-ს ციხეში იმყოფებოდა.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილის განუცხადებია, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგსო. არ ვიცი ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, თბილისში მაქვს დამთავრებული იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. მანამდე მაქვს დამთავრებული ისტორიული ფაკულტეტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, წითელ დიპლომზე.

რაც შეეხება სიტყვა „ვინმეს". არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა. შეიძლება, დემენციის ბრალია, მაგრამ დიდი ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია და კარგად იცის, ვინ ვარ. როდესაც ის მსახურობდა კგბ-ს ჯარებში, იმ დროს მე ვიჯექი კგბ-ს ციხეში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის. შემდეგაც, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა „ვინმე" არასდროს უხსენებია. ეს, რაც შეეხება მის რეპლიკას თუ აგდებულ განცხადებას.

რა თქმა უნდა,მე ნევროლოგს, ნევროლოგიის საკითხებში არასდროს შევედავები. სხვა რამეზე იყო ლაპარაკი", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.

„ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად, გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

„ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.

რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური „მაგნიტსკის სიაში" ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი", - წერს სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×