რეზონანსი
16.01.2023

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის თაობაზე ძალიან ბევრი იცის და შესაძლოა დაიწყოს საუბარი, რაც ბევრს არ აწყობდეს - მაგალითად, ხომ არ იყო 2008 წლის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის ზავის დადების გარიგება, რომ სამ დღეში საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ინტერესების გადანაწილება მოხდა, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

ხუნდაძის აზრით, "თუ სააკაშვილის "პატრონებმა" ასეთი რისკები რეალურად დაინახეს, იზრდება ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა ოქროს მოწმის თავიდან მოცილების პერსპექტივა დადგეს".

როგორც ხუნდაძემ განმარტა, "სააკაშვილის პატრონებში" აგენტოკრატების არც თუ ისე მცირე ჯგუფს გულისხმობს, რომელიც ომის რიტორიკას აღვივებს და რომელთა მიზანი ქვეყანაში პოლიტიკის იმდაგვარი დალაგებაა, რომ საქართველო გარე დაკვეთებს ასრულებდეს.

ხუნდაძე იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იმ რისკებს ზრდის, რაზეც "ხალხის ძალა" საუბრობს.

"მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად შემოიყვანეს. ეს სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ სააკაშვილისთვის მიცემული გარანტიების შესრულებას, რომ მას გაიყვანდნენ და დააბრუნებდნენ იქ, საიდანაც შემოვიდა. ამიტომ იზრდება ალბათობა იმისა, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერზე საუბარს დაიწყებს.

სააკაშვილის მოცილების შემთხვევაში დგება დამატებითი რისკები, რადგან ჩაითვლება, რომ მას ხელისუფლებამ ვერ მოუარა და მის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს, მისი პალატა პოლიტიკურ ოფისად იქცა. ამ ფონზე ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე ვიზიტორი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს თავად სააკაშვილის უსაფრთხოებას.

უნდა გამკაცრდეს სააკაშვილის უსაფრთხოება - თუკი მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იმ დაწესებულებაში სადაც ახლა იმყოფება, მისი ყველა უფლება უნდა იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა დაბრუნდეს, სადაც მისი უსაფრთხოება უკეთ იქნება დაცული.

სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ზრდის რისკებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ", - განაცხადა ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×