რეზონანსი
08.02.2023

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა (284 784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ 917 177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 300 000 დოლარამდე გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას და ცხადყოფს, რომ აღნიშნული დასკვნები ლობისტური კამპანიის ნაწილია.

მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ისს და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონტრაქტის რეგისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტში 2023 წლის 3 თებერვლამდე არ შესულა, როდესაც აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების თარიღად 2022 წლის 19 ივლისია მითითებული. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ლობისტურმა კომპანიებმა 10 დღის ვადაში უნდა აცნობონ იუსტიციის დეპარტამენტს კონტრაქტების გაფორმების შესახებ. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ლობისტებმა ეს ინფორმაცია განზრახ დამალეს და მხოლოდ სააკაშვილის საქმის დასრულების შემდეგ მოხდა მისი გასაჯაროება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ აკერმანის ჯგუფმა სააკაშვილის საქმის სამედიცინო ექსპერტებს და ექიმებს სამედიცინო დასკვნებისთვის სოლიდური თანხა გადაუხადა:

ერიკ გოლდსმიტი - 75 864 დოლარი, სტიუარტ ფინკელი - 79 012, მაიკლ კოსნეტი - 6 825

შაჰინ ლაჰარი - 107 399,  NMS Labs - 1 621, დეივიდ სმიტი - 11 200, ჯეიმს კობი -2 923.

აღსანიშნავია, რომ Akerman-ის ჯგუფმა 35 000 დოლარი გადაუხადა კომპანია GP International-ს, რომელთანაც გიული ალასანიამ 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში აქტიური კამპანიის განსახორციელებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×